მიკროავტობუსი
მიკროავტობუსი (ინგლ. microbus, minibus) — მგზავრების გადასაყვანი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც იტევს მეტ ადამიანს, ვიდრე უნივერსალი ან მინი-ფურგონი, თუმცა ნაკლებს ვიდრე სრულგაბარიტიანი ავტობუსი. მიკროავტობუსად ჩვეულებრივ განიხილავენ 8 მეტრამდე სიგრძის, მომცრო ზომის ავტომობილს, რომელიც იტევს 8-16 მგზავრს, ან საშუალო ზომისას, 16-35 მგზავრის ტევადობით.[1][2][3]
გამოყენება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიკროავტობუსები მრავალი დანიშნულებით გამოიყენება: აეროპორტებში მგზავრთა გადასაყვანად, სკოლის ავტობუსებად მოსწავლეთათვის, საექსკურსიოდ, ტურისტული მიზნებით, სპორტულ კლუბებში, სპორტსმენების ბაზაზე მისაყვანად, საავადმყოფოებში ან კერძო დაწესებულებებში თანამშრომლების ტრანსპორტირებისთვის, უფრო ხშირად კი სამარშრუტო ტაქსებად, ან საქალაქთაშორისო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახით.[4][5]
გადაკეთებული ფურგონი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უმეტეს შემთხვევაში, მიკროავტობუსებად იყენებენ ხოლმე სამგზავროდ გადაკ���თებულ სატვირთო ფურგონებს, რომლებიც შეიძლება თავად მწარმოებელმა ქარხანამ გამოუშვას გამზადებული სახით, ან ცალკე კომპანიებმა დაამატონ შესაბამისი აღჭურვილობა, მგზავრთა გადასაყვანად.
გამზადება კონკრეტულად გულისხმობს საბარგო სივრცეში ფანჯრებისა და სავარძლების დამატებას. ჩვეულებრივ, ხელუხლებელს ტოვებენ ხოლმე მძღოლის არეს და წინა კარს, მგზავრთა ჩასხდომისთვის, თუმცა ჩასხდომის გასაადვილებლად შეიძლება გვერდითა სრიალა კარი და უკანა კარებიც იყოს გამოყენებული. როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახით იყენებენ, კარს ზოგჯერ, ავტომატურად გაღება/დაკეტვის მექანიზმსაც ამატებენ.
მიკროავტობუსებად გამოყენებისთვის პოპულარულია „ფორდ-ტრანზიტის“ სერიისა და „მერსედეს-სპრინტერის“ სერიის ფურგონები, რომლებიც საქართველოშიც გამოიყენება შესაბამისად შიდა საქალაქო და საქალაქთაშორისო სამგზავრო გადაყვანებისთვის.
კიდევ ერთი საშუალება, ფურგონის მიკროავტობუსად გადაკეთების არის ავტობუსის ძარას დამონტაჟება ფურგონის შასიზე. ამას, ჩვეულებრივ ავტობუსის მწარმოებლები აკეთებენ. შედეგად, უფრო დიდი სივრცე ხდება ხელმისაწვდომი მგზავრებისთვის და მეტი ადამიანის გადაყვანის შესაძლებლობას იძლევა, გაზრდილი კომფორტით.[6][4]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ A. Hensher, David (1991). Competition Ownership of Bus and Coach Services, გვ. 219. ISBN 2-88124-796-2. ციტირების თარიღი: 2019-3-11.
- ↑ D. Nutley, Stephen (1990). Unconventional and Community Transport in the United Kingdom, გვ. 134. ISBN 2-88124-764-2 Invalid ISBN. ციტირების თარიღი: 2019-3-11.
- ↑ John Kim, Tschangho (2009). Transportation Engineering and Planning, გვ. 187. ISBN 978-1-84826-980-4. ციტირების თარიღი: 2019-3-11.
- ↑ 4.0 4.1 How Passenger Minibuses can be Used for Police, Schools, Tourists, and Much More. The News Wheel (2018-02-19). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-15. ციტირების თარიღი: 2019-3-3.
- ↑ J. Rimmer, Peter (2011). Rikisha to Rapid Transit: Urban Public Transport Systems, გვ. 251. ISBN 0-08-029872-9. ციტირების თარიღი: 2019-3-11.
- ↑ Vehicle Conversions. ციტირების თარიღი: 2019-3-7.